logo
ENG



"თავისუფლება მიშას" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

01 აგვ 202320:22
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. 

აქციაზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საშუალება და დაკმაყოფილდეს უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა.

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი "პუტინის პირადი ტყვეა".

"ჯანმრთელობა არის ისევ სუსტი ძალიან, ჰემოგლობინი აქვს ძალიან დაბალი. მიუხედავად იმისა, რომ გადასხმებიც გაუკეთდა. [...] ეს ადამიანი არის პუტინის პირადი ტყვე, ეს ასეც არის ნამდვილად და ყველაფერი უკავშირდება იმ წარმატებებს, რომლებიც იყო გარკვეულ წლებში და იმას, რომ 2008 წელს არ დათმო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არ გადასცა პუტინს, ეს ყველაფერი არის იმის მიზეზი, რის გამოც ჩემი შვილი არის ციხეში და ფაქტობრივად, ნელი სიკვდილით კლავენ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

3 ივლისს სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.

სასამართლო სხდომიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კვლავ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით "მანიპულირებს". მისი განცხადებით, სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები "სამწუხარო და მიუღებელია". მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.


close დახურვა